აშშ-ის დაზვერვა: ირანში მომხდარი აფეთქებების უკან "ისლამური სახელმწიფოს" ავღანური ფრთა დგას

წყაროებმა აშშ-ის დაზვერვაში განაცხადეს, რომ ირანში 3 იანვარს მომხდარი აფეთქებების უკან, რომელსაც 91 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, "ისლამური სახელმწიფოს" ავღანური ფრთა დგას.

დაჯგუფებამ მომხდარიდან მეორე დღეს თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა.

Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის სპეცსამსახურებმა, მოსმენების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ტერაქტში მონაწილეობდნენ "ისლამური სახელმწიფოს" ავღანური ქვედანაყოფები. მათი აზრით, ეს საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ აფეთქებების ორგანიზატორი იყო "ისლამურ სახელმწიფოში" შემავალი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო - ხორასანი."


შეგახსენებთ, 3 იანვარს აფეთქებების სერია ირანის ქალაქ ქერმანში მდებარე სასაფლაოზე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერლის, ყასემ სულეიმანის სიკვდილის მეოთხე წლისთავზე მოხდა. ირანის ხელისუფლებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. სულეიმანი ერაყში, 2020 წლის 3 იანვარს აშშ-ის მიერ გაშვებულმა დრონმა მოკლა.